ქვევრი – ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი

ქვევრის გახსნა არის რიტუალი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა თუ გსურს, რომ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს სრულყოფილად ეზიარო

ქვევრი - ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი

2017 წელს მთელი მსოფლიო ქართული მეღვინეობისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ ალაპარაკდა. არქეოლოგებმა თბილისიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ანტიკურ სოფლებში აღმოაჩინეს ქვევრი, რომელშიც შემონახული იყო ღვინის ნარჩენები და ვაზის მტვრის მიკრონაწილაკები. 8000 წლის წინ შექმნილი ქვევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. გარდა ამისა, 2013 წელს UNESCO-მ ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიცია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ღვინის სამშობლოს სტატუსი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი ქვევრი განსაკუთრებული კულტურული დატვირთვით გამოირჩევა — მის კედლებს ამკობს მზის სიმბოლოები, ვაზის მტევნის ორნამენტები და ცხოველების მარტივი, თუმცა სიმბოლურ მნიშვნელობამდე დაყვანილი ფიგურები. ეს მორთულობა მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას არ ატარებდა — ის ასახავდა იმდროინდელი ადამიანის აღქმებს და რწმენებს.

ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საბედნიეროდ, ქვევრში ღვინის დაყენებისა და შესაბამისად ქვევრის დამზადების ტრადიცია დღემდე ცოცხალია ქართულ კულტურაში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კახეთში, იმერეთსა და გურიაში, ოჯახები კვლავ პატივით აგრძელებენ წინაპართა გზას — თიხისგან ქვევრის ხელით გამოძერწვის და ღვინის დაყენების უძველეს წესებს. ეს ტრადიცია არა მხოლოდ მეღვინეობას უკავშირდება, არამედ კულტურულ მეხსიერებასაც, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა როგორც საგანძური. ქვევრის დამზადება რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც განსაკუთრებულ ოსტატობასა და მოთმინებას მოითხოვს. 

თიხის მოპოვება და დამუშავება – ქვევრისთვის გამოიყენება სპეციფიკური, სუფთა და მაღალი პლასტიურობის მქონე თიხა, რომელიც საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში მოიპოვება. იგი ყურადღებით იწმინდება ქვებისა და არასაჭირო მინარევებისგან. შემდეგ ეტაპზე, ოსტატი იწყებს თიხის ხელით ან ფეხით დამუშავებას, რათა  გახდეს ელასტიკური და ერთგვაროვანი. ეს უზრუნველყოფს ქვევრის კედლების მდგრადობას და ბზარების თავიდან აცილებას.

ქვევრის მშენებლობა – ოსტატი რამდენიმე დღეში ერთხელ ქვევრის კედლებს 5-10 სმ-სიმაღლის ფენას ამატებს. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან ყოველ ახალ ფენას გამაგრებისთვის შესაბამისი დრო უნდა მიეცეს.

ქვევრის გამოწვა – მას შემდეგ რაც ქვევრი საბოლოო ფორმას მიიღებს, იწყება მისი ბუნებრივად გამოშრობის პროცესი, რომელიც 1-2 თვე გრძელდება. გამოშრობის შემდეგ კი ქვევრი თავსდება მიწის ღრმა ღუმელში  და იწვება დაახლოებით 900–1,100°C ტემპერატურაზე. ეს რამდენიმე დღიანი ეტაპი ყველაზე კრიტიკულია, რადგან არათანაბარმა ტემპერატურამ შეიძლება ქვევრი დააზიანოს.

ქვევრის გახსნის ცერემონია ყვარლის ღვინის გვირაბში

ქვევრმა ქართულ კულტურაში მრავალ ტრადიციას დაუდო სათავე. მათ შორის განსაკუთრებით სანახაობრივი და შთამბეჭდავი ქვევრის გახსნის რიტუალია. ადრე გაზაფხულზე ქართული ოჯახები რამდენიმეთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგს, ღვინოს აგემოვნებენ და ღმერთს მადლობას სწირავენ. ქვევრის გახსნა ყოველთვის ზეიმის სახეს იღებს და ტრადიციული ხალხური სიმღერების ფონზე მიმდინარეობს.  

ყვარლის ღვინის გვირაბში მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ამ ტრადიციის ნაწილი გახდნენ, დაესწრონ ქვევრის გახსნის ცერემონიას, თქვან სადღეგრძელო, თიხის ფიალებიდან შესვან ღვინო და დატკბნენ ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სტუმრებს თავადვე შეუძლიათ თიხისგან მინიატურული ქვევრის გამოძერწვა და საქართველოდან შინ სამახსოვრო სუვენირად წაღება.

ქართული ტრადიციების ამგვარი გაცოცხლებით ვქმნით დაუვიწყარ გამოცდილებებს ჩვენთან მოსული სტუმრებისთვის.